ბურგერები გამოძახებით საქართველოში პოპულარულია, თუმცა კარგი, ნატურალური ბურგერი ბევრი არაა.
ბურგერები
ჰამბურგერი (ინგლ. Hamburger) – სენდვიჩის სახეა, რომელიც შედგება შუაზე გაჭრილი ფუნთუშისა და დაკეპილი შემწვარი კატლეტისგან. ხორცის გარდა ჰამბურგერს შეიძლება ჰქონდეს დიდი რაოდენობის სხვადასხვა შემავსებელი, მაგ: კეტჩუპი და მაიონეზი, ყაბაყის ნაჭერი, სალათის ფურცელი (Lactuca sativa), კიტრის მწნილი, ნედლი ან შემწვარი ხახვი, პამიდორი.
ჰამბურგერი სალათით
ისტორია
ჰამბურგერის სახელის წარმოშობა უკავშირდება გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქს – ჰამბურგს, საიდანაც ბევრი წავიდა ემიგრაციაში ამერიკაში.
გერმანულ ენაზე სიტყვა „ჰამბურგერი“ შეიძლება აღწერდეს არსებით სახელს ანუ ნიშნავდეს ვინმეს ჰამბურგიდან ან შეიძლება იყოს ზედსართავი სახელი, რომელიც აღწერს რამეს ჰამბურგიდან.
1921 წელს კანზასში გაიხსნა კომპანია White Castle, რომლის საფირმო კერძი იყო იმ დროისთვის უჩვეულო ჰამბურგერები. სტაბილური ფასი (5 ცენტი 1946 წლამდე) და უცნაურობა იზიდავდა მყიდველებს, პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ეჭვები გაიფანტა კომპანიის მფლობელის – ბილი ინგრამის მოხერხებული სვლის წყალობით (როდესაც სპეციალურად დაქირავებული, თეთრ ხალათებში გამოწყობილი ადამიანები ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს ექიმებიც კი ყიდულობენ ჰამბურგერებს). 1940-იანი წლების ბოლოს კომპანია White Castle-ს გამოუჩნდა კონკურენტები, რომელთა შორის ყველაზე სერიოზული გახდა მაკდონალდსი – დაიწყო სწრაფი კვების ინდუსტრიის განვითარება.
2010 წლის 3 სექტემბერს სერბეთის ქალაქ ლესკოვაცში კულინარებმა მოამზადეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი, გამოიყენეს 51კგ ფარში გიგანტური კატლეტის დასამზადებლად (დიამეტრი – 1.63მ და სისქე – 2.5 სმ. ერთმა ადგილობრივმა მცხობელმა სენდვიჩისთვის გამოაცხო 29კგ-იანი ფუნთუშა.
ბოლო დროს მოდაში შემოვიდა პრემიალური ჰამბურგერები (მათ ზოგჯერ უწოდებენ „სტეიკბურგერებს“). ისინი გვხვდება სტეიკ-სახლებში და სხვა რესტორნებში, ხშირად სთავაზობენ კატლეტის შეწვის ხარისხის არჩევანს.
ჰამბურგერის სახეები
- ჩიზბურგერი (ინგლ. Cheeseburger, cheese – ყველი) – ჰამბურგერის სახეა, რომლის შემადგენლობაში აუცილებლად არის ყველი; ფაქტობრივად არ წარმოადგენს ჰამბურგერს, არამედ არის კერძის ცალკეული სახე.
- ფიშბურგერი (ინგლ. Fish – თევზი) – ჰამბურგერის სახე, რომელშიც ხორცის კატლეტი ჩანაცვლებულია შემწვარი თევზით.
- ჩიქენბურგერი – (ინგლ. Chicken – ქათამი) – ჰამბურგერის სახეა, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად შედის ქათმის ხორცი.
- ვეჯიბურგერი, გარდენბურგერი – ვეგეტარიანული ჰამბურგერია, რომელიც არ შეიცავს ხორცს.
- ტოფიბურგერი – ჰამბურგერი, რომელიც ხორცის ნაცვლად შეიცავს ტოფუს (ტოფუ – ე.წ სოიოს ხაჭო; სოიოს მარცვლებისგან მიღებული ცილით მდიდარი საკვები პროდუქტი)
- ეგბურგერი (ინგლ.egg – კვერცხი) – ჰამბურგერი, რომელიც ხორცის ნაცვლად შეიცავს კვერცხს.
- დიმაშ-ჰამბურგერი შეიცავს მხოლოდ ბოსტნეულს.
კვლევა
1930-იანი წლების დასაწყისში ცნობილმა ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა და ფიზიოლოგმა ჯესი ფ.მაკკლენდონმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მონაწილე ერთი სტუდენტი 13 კვირის განმავლობაში იკვებებოდა მხოლოდ ჰამბურგერებით და წყლით. ექსპერიმენტმა და ამ სტუდენტის შემდგომმა ცხოვრებამ დაამტკიცა, რომ მსგავსი დიეტა სავსებით საკმარისის ადამიანის ორგანიზმის ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის.
სენდვიჩი, სანდვიჩი
სენდვიჩი, სანდვიჩი (ინგლ. Sandwich) – კერძია, რომელიც შედგება პურის ორი ან მეტი ნაჭრისგან (ხშირად ფუნთუშა) და ხორცის და/ან სხვა გულსართის ერთი ან რამდენიმე ფენისგან.
განსხვავება ბუტერბროდისგან: ბუტერბროდი – ჩვეულებრივ ეს არის პურის ერთი ნაჭერი (კარაქით), რომელზეც აწყობენ ინგრედიენტებს; სენდვიჩი კი – ეს არის პურის ან ფუნთუშის ორ ნაჭერს შორის მოთავსებული ინგრედიენტები (დახურული ბუტერბროდი).
სენდვიჩის ფრანგულ ვარიანტს ეწოდება კროკ-მესიე, იტალიურს – პანინი.
ისტორია
თანამედროვე სახით სენდვიჩი გამოჩნდა ევროპაში დაახლოებით მე-17 საუკუნეში. თვითონ იდეა – ინგრედიენტების პურში გახვევის (ან მასზე დადების) – გაჩნდა მანამდე ძალიან დიდი ხნით ადრე სხვადასხვა კულტურებში.
ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „სენდვიჩი“ ყველაზე ადრე გამოიყენებოდა საკვების მიმართ 1762 წელს. ედუარდ გიბონი დღიურში აღწერს, კლუბის -„სამეფოს საუკეთესო ადამიანები“ (რომლის წევრიც თვითონაც იყო) წევრები როგორ ვახშმობენ „ცივი ხორცის ანუ სენდვიჩის პატარა ნაჭრებით“. საყოველთაოდ აღიარებული ვერსიის თანახმად, სახელი წარმოდგება ჯონ მონტეგიუს (სენდვიჩის მე-4 გრაფის, 1718-1792) ტიტულიდან, რომელიც იყო აზარტული მოთამაშე. ლეგენდის მიხედვით, ის დღეების განმავლობაში იჯდა სათამაშო მაგიდასთან და ითხოვდა მისთვის მიეტანათ ორ შემწვარ პურის ნაჭერს შორის მოთავსებული ცივი საქონლის ხორცი, რათა დრო არ დაეკარგა კვების გამო და ამასთანავე ნაკლებად დაესვარა ხელები.
მსოფლიო პოპულარობა
სენდვიჩი, განსაკუთრებით დიდ ინგლისურ ქალაქებში, გახდა კვების კულტურის განუყოფელი ნაწილი. ლონდონში არსებობს მრავალი კომპანია, რომელიც ვაჭრობს სენდვიჩებით (Eat,
Benjys, Pret a Manger). მსოფლიოში სენდვიჩების უმსხვილესი მწარმოებლებია რესტორნების ქსელი McDonald’s, Subway, Burger King.
აშშ-ში არსებობს სენდვიჩების მრავალი რეგიონალური სახესხვაობა. ჩიკაგო – სენდვიჩი საქონლის ხორცით იტალიურად, მილოუკი – სენდვიჩი სარდელითა და კომბოსტოს მწნილით, ფილადელფია – სენდვიჩი ხორცითა და ყველით, ლოს-ანჯელესი – სენდვიჩი ფრანგული სოუსით. ახალ ორლეანში სენდვიჩებს შორის პირველი ადგილისთვის იბრძვიან „პო’ბოი“ და „მუფფალეტა“. უკანასკნელი წარმოიშვა ქალაქის იტალიური თემიდან. მუფფალეტას გულსართში არის – ლორი, სალიამი, მორტადელა, პროვოლონე, ზეთისხილი და უმატებენ დიდი რაოდენობით ნიორს.
აშშ-ში აგრეთვე გავრცელებულია სამკუთხა ფორმის სენდვიჩები, რომელთაც „კლუბური სენდვიჩები“ ეწოდებათ. ისინი ხშირად იყიდება ორ-ორ ცალად პლასტმასის ან მუყაოს შეფუთვებში. როგორც წესი, ორი კლუბური სენდვიჩი – არის დიაგონალურად გაჭრილი ერთი სენდვიჩი, რომელიც შედგება სწორკუთხოვანი ტოსტისგან.
უჩვეულო სენდვიჩები
- ამერიკული ჯარისთვის შეიმუშავეს სენდვიჩი, რომელიც არ ფუჭდება სამი წლის განმავლობაში.
- ლონდონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძლება უჩვეულოდ ძვირადღირებული სენდვიჩის შეძენა. მისი ფასი – 85 ფუნტი სტერლინგია. შემადგენლობა: მარმარილოვანი საქონლის ხორცი Wagyu, ფუა-გრას ნაჭრები, ტრიუფელის კარაქით მომზადებული მაიონეზი, ყველი ბრი დე მო, რუკოლას სალათი, წიწაკა, ჩერის პამიდორი (სინამდვილეში ეს არის ჰამბურგერი, ვინაიდან გამოიყენება კატლეტი და არა ხორცის ნაჭრები).