ხინკალი ციმციმ მორთმეული , პატარძლის მოხვეული 599 06 91 51
კუჭის კანონი.თამარ თეთრაძე სპეციალურად საიტისათვის https://fursheti.medgeo.net
ხინკლისა და კუჭის დახასიათება გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“.
“- თქვენ ხინკალი თუ გიყვართ?
გააჩნია გაკეთებულს. მაინც ვფრთხილობდი. ავწონ-დავწონე სიტყვა.
– მე კი გერასიმე, ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.
-აღმოჩენამდე? გავიკვირვე და წამსვე იუმორი მოვიშველიე. რა ნიუტონის კანონია?
არა, ეს კუჭის კანონია..
ახლავე აგიხსნი. აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო.
ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი. დგახარ რიგში და აჰ. ჯერ სხვებს გამოაქვთ. ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე როგორც იქნება შენი რიგი და. მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი. ცხელს აორთქლებულს ჯადოსნურ ლანგარს. სულ ციმციმ მოგაქვს და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ ფეხზე დამდგარნი. მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის. მწვავეს, მადიანს, ველურს.
უჰუჰუჰ! მთლად ათრთოლდები
მაგრამ ცხელია…
მერედა შე კაცო ფრთხილად აიღე. შეუბერე სული კარგად დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა. უბერე უბერე ფრთხილად. მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე. ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი. აჰ რა ხსნარია იფ. რომ გაგრილდება პატარაზე მერე ღეჭე. ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე..
აჰ, უხხ.. და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ..
ხომ არ მეყო?
არა კაცო. რა საკადრისია. აი ის აიღე. ის გვერდითა ცალი. ოჰოჰ ცხარეა? დააყოლე ქაფქაფა ლუდი. ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტად ლამაზად თუ?!
ახლა იქითას დასწვდი ძამიკო. როგორ გიყურებს? გიყურებს როგორ. აჰ გეხვეწება ნუ ეტყვი უარს. აიი ასე.
რა სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე. სირბილით ხომ არ დაღლილხარ და მაინც..
მერე იმ კანონს მაინც აღმოაჩენ. რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები გენაცვალე. რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება. მთვლემარე ბუნდოვნად იგრძნობ რომ.. ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი.
აბაა.. კუჭის კანონია ეს!”